საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მხარეებმა საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დადებით დინამიკას და მეგობრობის ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის აქტიურ კავშირებს.
"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და ამ კუთხით, საქართველოს ძალისხმევაზე.
ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ქაან ორბაის საქმიანობაში წარმატება უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.