ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ახლა აქვს წარმოუდგენელი და უნიკალური შესაძლებლობა ევროკომისიის რეკომენდაციების სახით, რაც წარმოადგენს იმის დასტურს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
მისივე თქით, ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
- თქვენ გჯერათ დემოკრატიული ცხოვრების წესის, რომლისკენაც მიისწრაფით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რადგან ეს თქვენი ხვედრია.
„მე და ჩემი საელჩო ყურადღებას ვამახვილებთ ქართველი ხალხის დახმარებაზე, ვმუშაობთ მთავრობასა და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან საკითხების იმ ფართო სპექტრზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველებისთვის.
ეს მოიცავს ეკონომიკის სტიმულირებას; ენერგორესურსების დივერსიფიკაციას იმგვარად, რომ საქართველო აღარ იყოს ასეთი დამოკიდებული რუსეთზე; განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ყველა დონეზე, იქნება ეს საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, თუ საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები; და რა თქმა უნდა, საქართველოს დახმარებას განავითაროს და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
კელი დეგნანის თქმთ, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ მრავალი განსხვავებული მიმართულებით მიაღწია, ნამდვილად შთამბეჭდავია და ეს მოხერხდა ერთი მხრივ, საქართველოს ერთგულებისა და მეორე მხრივ, იმ ძლიერი მხარდაჭერის გამო, რომელიც წლების განმავლობაში მიიღო საქართველომ შეერთებული შტატებისგან და სხვა მეგობარი ქვეყნებისგან.
„ეს უნდა გაგრძელდეს. უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ საქართველოს ახლა აქვს წარმოუდგენელი და უნიკალური შესაძლებლობა ევროკომისიის რეკომენდაციების სახით, რაც წარმოადგენს იმის დასტურს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
საქართველოს პროევრეპულობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის არის და ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. ის ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა, ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა განაგრძოს ეს ძალისხმევა და გააგრძელოს სვლა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.