უკრაინამ თავისი მამაცი დამცველებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ იარაღის მოწოდების შედეგად, ბრძოლის ველზე გარკვეული წარმატებები მოიპოვა, მაგრამ შემდგომი პროგრესის მისაღწევად, ჯერ კიდევ საჭიროა კონკრეტული დახმარება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უნდა ითქვას, რომ ბრძოლის ველზე კონკრეტული მოქმედებები არის სპეციფიკური ოპერაციები, რომელსაც სჭირდება სპეციფიკური იარაღი. რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი შეიარაღებული ძალების გამბედაობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება მძიმე სამხედრო ტექნიკა, ასევე ეფექტური საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მაგრამ არც ისე ბევრი ქვეყანაა, რომელიც კიევს ცის დახურვაში დაეხმარება.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„თუმცა, ჩვენ ვერ მივიღეთ ყველაფერი (რაც მოვითხოვეთ - რედ.), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ დაგვეხმაროს იმით, რაც გვჭირდება, თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ამჟამად პოზიტიური შედეგები ჩანს გერმანელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში NASAMS-ისა (საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა) და IRIS-T-ის (საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემა) მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ პროცესი არ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც ეს უკრაინას სჭირდება.