საქართველოს პრეზიდენტი: არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას

სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაავრცელა გურიაში მომხდარ მოვლენებზე.

"მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება. საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. ჩვენს მოქალაქეეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა",- ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.