შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს, სამი კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინება გააცნო
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს, სამი კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინება გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ, კახა კახიშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ, ირაკლი მეძმარიაშვილის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ზაზა ლომინაძის კანდიდატურები წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტის თანამდებობაზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
„მოქმედ გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. კარგია, რომ წყვეტის გარეშე მოხდეს ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა. ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე კანდიდატურის განხილვის შემდეგ, სამშაბათის პლენარულ სხდომას წარედგინება კანდიდატი და მოხდება საკითხის კენჭისყრა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.