პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს.
„მე წინააღმდეგი ვარ რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი ტერიტორიის გავლით ამიაკის ექსპორტის. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ. სწორედ ეს შევთავაზე გაეროს", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ თქვა, რომ ხარკოვის რეგიონში უკრაინული ძალების კონტრშეტევის დროს „ასობით რუსი სამხედრო დაატყვევეს, იმავდროულად, რუსეთს უფრო მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს, ვიდრე უკრაინას რუსი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ზელენსკის შემოთავაზებას შეუსაბამო უწოდა. „ნუთუ ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?". - თქვა პესკოვმა
გაერომ რუსეთს შესთავაზა, რომ სასუქების მწარმოებელი Uralchem-ის საკუთრებაში არსებული ამიაკის გაზი მილსადენით გადასულიყო უკრაინის საზღვარზე, სადაც მას ნედლეულით მოვაჭრე ამერიკული კომპანია Trammo ყიდულობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტრანზიტი შეჩერდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი არ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება მის უსაფრთხოების ინტერესებს.