საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენს, ბრაიან ბაბინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. კონგრესმენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს მთავრობას და ელჩს ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის ძალისხმევისა და ხელშეწყობისათვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
შეხვედრას Twitter-ზე ამერიკელი კონგრესმენიც ეხმიანება.
„გუშინ მქონდა პროდუქტიული შეხვედრა აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან. განვიხილეთ სხვადასხვა ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად“, - წერს ბრაიან ბაბინი.