აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელემიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური ორგანოები ვაშინგტონში უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო რესურსს გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Myfox8 ავრცელებს.
„საიდუმლო სამსახურმა ჩამაყენა საქმის კურსში, რომ იგეგმება ახალი დემონსტრაციები როგორც ვაშინგტონში, ისე მთელ ქვეყანაში, რაც პოტენციურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, გავეცი განკარგულება, ფედერალურმა ორგანოებმა ყველა რესურსი გამოიყენონ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ვაშინგტონში ათასობით გვარდიელი ჩამოდის იმისთვის, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი ძალადობას კიდევ ერთხელ გაემიჯნა და განაცხადა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
მიმართვა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა ტრამპს მიმართვაში სიტყვა „იმპიჩმენტი“ საერთოდ არ უხსენებია.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა.
იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 232-მა კონგრესმენმა მისცა, 197 კი - წინააღმდეგი წავიდა. იმ კანონმდებლებს შორის, რომლებმაც ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს, 10 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენია.