გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიიჩნევს, რომ რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა „ევროპაში დიალოგის ბოლო ხიდები, მშვიდობის უკანასკნელი საყრდენები“ დაანგრია. ამის შესახებ მან ბერლინში G7-ის ქვეყნების პარლამენტების ლიდერების სამიტზე განაცხადა.
შტაინმაიერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა „უმძიმესი კრიზისი რკინის ფარდის დაცემის შემდეგ“.
„ის, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვმუშაობდით, განსაკუთრებით დიდი შვიდეულის ფარგლებში, განადგურდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაანადგურა დიალოგის ბოლო ხიდები, ევროპაში ჩვენი მშვიდობის ბოლო საყრდენი”, - თქვა შტაინმაიერმა.
შტაინმაიერის განცხადებით, „საშიში ესკალაციის რისკები უზარმაზარია და ყველა უნდა მოემზადოს შემდგომი დაპირისპირებისთვის, ახალი კონფლიქტებისთვის“ და არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ „ჩინეთთან სულ უფრო რთული ურთიერთობებისთვის“. ასეთ ვითარებაში ევროპას „უნდა შეეძლოს თავის დაცვა“, - აცხადებს გერმანიის პრეზიდენტი.
ბერლინში G7 ქვეყნების სამიტი მიმდინარეობს.