82 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის რეფორმის ცვლილებები დაამტკიცა.
კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტარი, დიმიტრი ცქიტიშვლი On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამით შრომითი უფლებების სტანდარტების ფუნდამენტური განახლება ხდება. ცქიტიშვილის თქმით, კანონპროექტი სტაჟიორების საკითხსაც მოიცავს.
"დასაქმებულის უფლებებს კანონი დაარეგულირებს, იქნება რეგლამენტირებული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობა. დისკრიმინაციის ამკრძალავი მკაფიო ნორმებია ჩამოყალიბებული", — განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცვლილებით, შრომის ინსპექციას საშუალება მიეცემა, მონიტორინგი გაწიოს და რეაგირება ჰქონდეს შრომის უფლებების დარღვევაზე. შესაბამისად, გადაცდომებზე შეამოწმოს კერძო კომპანიები. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებით გათვალისწინებულია სანქციების დაწესებაც.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ცვლილებებით შრომის ინსპექციის მანდატი არსებითად ძლიერდება, რაც მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობას გააუმჯობესებს.
შრომის კოდექსი 2013 წელს შეიცვალა. 2015 წელს დაარსდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი ახალი მანდატი შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლებოდა და სამუშაო ადგილზე ინსპექტირებისთვის მას დამსაქმებლის წინასწარ თანხმობა სჭირდებოდა. შესაბამისად, რეკომენდაციებს სავალდებულო ძალა არ ჰქონდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულმა ცვლილებებმა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება უსაფრთხოების ნაწილში გააფართოვა.