სერჰი გაიდაი: უკრაინის ძალებმა გადაკვეთეს მდინარე ოსკოლი და მის მარცხენა სანაპიროს აკონტროლებენ

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი გაიდაიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონში, მდინარე ოსკოლი გადაკვეთეს და მის მარცხენა სანაპიროზე, ზოგიერთ ტერიტორიას 17 სექტემბრის საღამოდან აკონტროლებენ.

BBC-ის ცნობით, გაიდაიმ არ დააკონკრეტა, სად გადაკვეთეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოსკოლი, მაგრამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ BMP-2 კვეთს მდინარეს პონტონის ხიდზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ჯარებმა დაიკავეს მდინარე ოსკოლით გაყოფილი ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთი ნაწილი, 16 სექტემბერს გავრცელდა. 

კუპიანსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო შეტევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა ხარკოვის რეგიონში. ეს ქალაქი, სადაც მდებარეობს სარკინიგზო კვანძი, რუსული არმიის მიერ იზიუმის ჯგუფის მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.

სამხედრო ექსპერტების შეფასენით, უკრაინელი სამხედროების შემდგომმა წინსვლამ აღმოსავლეთით, მდინარე სევერსკი დონეცკის ჩრდილოეთ ნაპირის გასწვრივ, შეიძლება გახსნას მისადგომები ლისიჩანსკისა და, საბოლოოდ, სევეროდონეცკისკენ.