საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან კითხვებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების თავდასხმებს აშშ-ზე. ამ საკითხზე კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ ისაუბრა.
„არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან.
აგრეთვე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მმართველი პარტია და მთავრობა, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას.
ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია“, - განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავრობასთან ბევრი მიმართულებით სხვადასხვა სფეროში, მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს.
„იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი.
ახლა კი დროა ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა