ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობა და გავლენა შეაფასა - დოკუმენტი

  • 2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა 
  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა
  • საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა

ევროკავშირმა დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია. 2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა.

ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

შვიდი წლის განმავლობაში გაცემული დახმარებიდან ყველაზე დიდი წილი (€253 მილიონი) სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარების სფეროზე მოდის. შემდეგია კავშირების დამყარება (€171) მილიონი), ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები (€168 მილიონი), მართლმსაჯულება და დემოკრატიული მმართველობა (€109 მილიონი), საჯარო მმართველობის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა (€90 მილიონი).

მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა

მართლმსაჯულების რეფორმის ბევრი მიმართულებით – გენდერული ნიშნით ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა – მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა. თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა.

ეკონომიკური განვთარება

მცირე და საშუალო საწარმოების და პროფესიული განათლების პოლიტიკა და ინსტიტუციური ჩარჩოები გაუმჯობესდა, თუმცა მათი ურთიერთთანხვედრა არასაკმარისია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კარგ წინსვლას და გაზარდა ექსპორტის მოცულობა, თუმცა, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოდან ექსპორტი ღირებულების ჯაჭვის მთელს გაყოლებაზე მზარდია.

გენდერული პრობლემატიკასთან კომპლექსური მიდგომა

ამ თვალსაზრისით ყველა სექტორში მიღწეულია წინსვლა, თუმცა, ეს წინსვლა მცირე იყო შერევის ოპერაციებში [შერევის ოპერაცია ნიშნავს ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების არანაზღაურებად ფორმას, რომელიც კომბინირებულია მხარდაჭერის ანაზღაურებად ფორმებთან] და ამ კომპლექსური მიდგომის ხარისხი ზოგჯერ სტანდარტებს ჩამორჩება. გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხების წინ წამოწევას ცნობიერების ნაკლებობა და გარკვეულწილად, წინააღმდეგობაც აფერხებს.

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება

დადებითი გავლენა როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე სოფლის განვითარებაზე მოსავლიანობის და წარმოების ზრდის თვალსაზრისით მოსალოდნელზე დაბალი იყო, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დადგენა - რთული.

თუმცა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კარგ წინსვლას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და ინოვაციური მიდგომები დანერგვას სოფლის და ინტეგრირებული ტერიტორული განვითარების მიმართულებით.

საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა

მიღწეულია წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჯარო მმართველობის სისტემა, რომელთანაც რიგით მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს შეხება, კვლავ არასრულყოფილია.


საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დასკვნები და რეკომენდაციები პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან იყო განხილული.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე მუშაობდა.

შეფასება მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა.

შეფასების შედეგი წარედგინა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. შეხვედრა დასკვნების საფუძვლიან განხილვას და რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარებას მოიცავდა.

შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი. მიღწეულია წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა.

  • შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება.

თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო.

ასევე, ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ.

შეფასების ჯგუფის მიერ შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები გაიცა:

  • ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს.


ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით.


ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად. შეფასება ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს 2014-2020 წლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ სექტორთან დაკავშირებით. ესენია:

სოფლის მეურნეობა, სოფლის და რეგიონული განვითარება; საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა; მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა; ეკონომიკური განვითარება, ბაზრის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები; ურთიერთკავშირები; მობილურობა და ადამიანებს შორის კავშირები.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას.

გასულ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დამატებითი იდეები რეკომენდაციების ადაპტირების გზებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები უახლოეს წლებში ახალი პროგრამებისა და დახმარების პრიორიტეტების შემუშავებისას მხედველობაში იქნება მიღებული.