აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რაც პირველი მოლაპარაკებაა მიმდინარე თვეს სასაზღვრო შეტაკების შემდეგ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
„მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა შემდგომი ბრძოლის თავიდან აცილებას და სამშვიდობო პროცესს დაბრუნების აუცილებლობას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განცხადებაში.
მისივე თქმით, ენტონი ბლინკენმა მხარეებს მოუწოდა, რომ თვის ბოლომდე კვლავ შეხვედნენ.
„ძლიერი, მდგრადი დიპლომატიური ჩართულობა არის საუკეთესო გზა ყველასთვის. არსებობს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რომელიც წყვეტს უთანხმოებებს. აშშ მზად არის, რაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად“, – განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა.