პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დღეს, 20 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე, თავისი კანდიდატურა დააყენა.
„ჩვენ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთი რამისთვის გვჭირდება და ეს არის სასამართლოს სისტემის კონტროლი, სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემა. არცერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს.
ჩვენი დიდი ხანი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით და ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახალხო დამცველს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან ქვეყანაში რეალურად რამე გააკონტროლოს, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, ვერავის ვერ ვენდობით. არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა.