„ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მისცემს, ქვეყანა კი ლოგისტიკურად ნებისმიერი ვაქცინის მისაღებად მზად არის.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიღებული პროტოკოლის მიხედვით, პირველ რიგში ვაქცინას მედპერსონალს გაუკეთებენ, შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები, რისკ-ჯგუფები.
„რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსი დღეს 1 357 ადამიანს დაუდასტურდა, 748 კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.