ევროპარლამენტარები საქართველოში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდს და საქართველოს შესახებ მომხსენებელს, სვენ მიქსერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს და დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის განხორციელების პროცესში. ასევე, მიმოიხილა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე რეფორმები.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობებზეც. პარლამენტის ცნობითვე, პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


დელეგაცია შეხვდა ოპოზიციასაც.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და „ქართული ოცნების“ „ნამოქმედარით“ იმედგაცრუებული არიან.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პირველი დასკვნა ამ შეხვედრიდან და მათ პირდაპირ მესიჯს გეუბნებით, ძალიან, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნების“ ნამოქმედარით, რაც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მოხდა.

ყველას ძალიან კარგად ესმის, მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ისინი დარჩნენ მარტო, ისინი არ ელაპარაკებიან არავის. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადეს და თავიანთი სამუშაო ჯგუფებიდან გააგდეს ყველა მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი. რაც მთავარია, ისინი აკეთებენ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

სიტყვა -იტყვით გეტყვით ევროპარლამენტარების პოზიციას - ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით. ვფიქრობ, ეს გზავნილი თავისთავად ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებში ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ ეს პრორუსული ძალა, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არაფრის გამკეთებელი არ არის. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სამოქალაქო სექტორთან კომპრომისულ ვარიანტზე შევთანხმდით, რომელსაც ხვალ გამოვაქვეყნებთ საჯაროდ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


მისივე თანახმად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების მხრიდან იყო მკაფიო თხოვნა, მოწოდება, რომ ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ შედეგს, არამედ პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს

ხათუნა სამნიძე ერთ-ერთი იყო იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, რომელიც მარინა კალიურანდთან და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ სვენ მიქსერთან, პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ორი პარალელური პროცესია და ოპოზიცია ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ინიციატივა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან თავს მოიყრის კომიტეტზე, სადაც ყველანი ერთად განვიხილავთ საკითხებს, იყო მკაფიო თხოვნა, მოწოდება, რომ ყველა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, რადგან არამხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა, არამედ, თავად პროცესს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, ოპოზიციას გვქონდა არუმენტები, რატომ არ ვართ სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ყველა ინიციატივა თავს მოიყრის საკომიტეტო მოსმენის დროს და თუ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები შესაბამისი იქნება 12 პუნქტთან და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი, მე მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.


„ეს ადამიანები გვიმეორებენ ერთსა და იმავეს, - უნდა დასხდეთ და იმუშაოთ ერთად. ამას ევროპელი პარლამენტარები ამბობენ იმათ გასაგონად ვინც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ამბობენ უარს. მათ დღეს ასევე გაიხსენეს პარლამენტში შემოსვლის ამბები და თქვეს, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, რადგან როდესაც შენი მოქალაქეების მანდატი გაქვს, უნდა იყო პარლამენტში“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ.


პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. 

„ბევრ თემაზე გვქონდა საუბარი,  გაიმართა საინტერესო დისკუსია. პირველ რიგში, ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულებაზე - როგორ მიმდინარეობს პროცესი. განვმარტეთ, რომ პროცესში მონაწილეობა  ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას შევთავაზეთ. მათი ნაწილი ჩართულია და ნაწილი არ არის ჩართული ამ პროცესში. თავად შინაარსთან დაკავშირებითაც განვუმარტეთ, თუ როგორ მიდის ყველაფერი.

მთლიანობაში, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული ამ პროცესთან დაკავშირებით. იყო საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ამ 12 პუნქტის შესრულებას, ასევე, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.