ალეკო ელისაშვილი: მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან

"მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამიტომ ჩვენმა პარტიამ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან, იმათთან, ვისაც აქვს გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს", - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, უკეთესი იქნება "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა ელჩების თანდასწრებით მოხდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამიტომ ჩვენმა პარტიამ გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან, იმათთან, ვისაც აქვს გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში, თუ ჩაიშლება, ჩვენ მზად ვართ, ინდივიდუალურადაც და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად… უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად.

ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა და ასევე ძალიან კარგია იდეა იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებაზე“ ჯამურად მეტ ხმას თუ აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩვენების დანიშვნა, ამას მიენიჭოს პლებისციტის სტატუსი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის განმარტებით, თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთხანმებას ოპოზიციიდან ხელს არავინ მოაწერს, „მოქალაქეები“ მზად არიან, ინდიციდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება.

„თუ არც არავინ შემოვა და არავინ მოაწერს ხელს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებას, ჩვენ, „მოქალაქეები“ მზად ვართ, რომ ინდივიდუალურად ამას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, როგორც პარტია „მოქალაქეებს“. ჩვენ არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც, მით უმეტეს, გიგა ბოკერიასთან არაფერ შეთანხმებას არ ვაპირებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი. ვიღაცას თუ მიაჩნია, რომ წყალშია ეს გადასაყრელი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, უფრო სწორად, არ მოუმართოს წყლის ამღვრევაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთანაც აპირებენ კონსულტაციების გამართვას.

„პირველი შეხვედრა გვაქვს „გირჩითან“, დანარჩენ ოპოზიციასთანაც კონსულტაციას ვგეგმავთ. თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება იმას, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამური ოპოზიციური ხმები მეტი იქნება, ვიდრე იღებს „ქართული ოცნება“ – ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, დიდ ქალაქებზეა ლაპარაკი, მაშინ 2022 წელს დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას არ გამორიცხავს. "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრას კიდ მხოლოდ და მხოლოდ ელჩების თანდასწრებით აპირებს.

„ერთადერთი, ბოკერიასთან ლაპარაკის აზრს ვერ ვხვდებით, ან რაზე უნდა ველაპარაკოთ, მანდატი არ აქვს არც მას და არც გიგი უგულავას, მათი პარტიის სხვა წევრების პოზიციაც ვიცით, რომ მათ უნდათ წყლის ამღვრევა. „ქართულ ოცნებას“ შევხვდებით მხოლოდ და მხოლოდ ელჩების თანდასწრებით. სადღაც მოფარებულში, ხის ჩრდილის ქვეშ შეხვედრებს არ ვაპირებთ, არც შევხვედრივართ, როგორც არ უნდა გვებრალებოდეს ზოგიერთი მედია, არც ვაპირებ შეხვედრას. რაზე უნდა შევხვდეთ, ღიად ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრა „გირჩის“ ოფისში იმართება, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მივიდნენ.