საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლითაც პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ღიაობა იქნება დაშვებული.
საპარლამენტო ჯგუფის „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა წარადგინა. ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში და დგინდება რომ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, გამოაკლდება სახალხო დამცველი.
მისი თქმით, ეს ცვლილება საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რომ თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა.