„ქართული ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას, რათა მათ იგრძნონ, რომ უსმენენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
„ოპოზიცია, გთხოვთ, შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ პარლამენტის მუშაობაში, ვინაიდან, თქვენ გაქვთ თქვენი ხალხის მანდატი და ეს თქვენი ვალდებულებაა წარმოადგინოთ საკუთარი ხალხი დემოკრატიის საუკეთესო გზით”, - აღნიშნა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
„მე და ჩემი კოლეგა, სვენ მიქსერი დღეს დილით ჩამოვედით. გვქონდა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველთან, ოპოზიციასთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებთან, პარლმენტის თავმჯდომარესთან.
შესაბამისად, ვფიქრობ, ხვალინდელი ასოცირების საპარლამენტო შეხვედრისთვის კარგად მომზადებული ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ საქართველოსთვის ამ მომენტის მნიშვნელობაში.
მე ყოველთვის გირჩევდით, ქვეყანა მომზადებულიყო ამ მომენტისთვის და სწორედ ახლაა ეს დრო. შესაძლებლობა თქვენი პოლიტიკოსების ხელშია და აქ ვსაუბრობ ორივეზე – როგორც მმართველ პარტიაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ დასხდნენ ერთად, დაიწყონ თანამშრომლობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და იმ რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომელიც განისაზაღვრა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.