შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე საუბრობს

შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს საკმაოდ მძიმე შეიარაღება ჰქონდა.

კერძოდ, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები.

მისი თქმით, დანიშნულია ექსპერტიზა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში, ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება ​მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს.

მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეძლეს, რომ ის ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით. ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა არ აქვთ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა დაკავებული, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, დარახველიძემ უპასუხა, რომ ის მოქმედი თანამშრომელი არ არის.

  • თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან

ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.

თავის მხრივ, შსს აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომლებიც ეტაპობრივად გათვისუფლდნენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 12 მძევლის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.