ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის მიმართ, არის მისი გამოცხადება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან ონლაინ საუბრისას განაცხადა.

„გულწრფელი და პროდუქტიული ონლაინ საუბარი შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან, The Clinton Global Initiative-ის ფარგლებში. მე აღვნიშნე, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის ინდიკატორია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დარჩნენ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის კუთხით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, როდესაც აშშ აღიარებს რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას.