თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი მოაწერა „კანონს“, რესპუბლიკაში „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ“, რომლის შედეგადაც, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შესვლის საკითხი უნდა გადაწყდეს.
რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს გაიმართება.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ „რეფერენდუმს“ ამ საკითხზე თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაც გამართავს. ანალოგიურ „კანონს“ ხელი, რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ დენის პუშლინმაც მოაწერა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.
კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.