აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პენტაგონმა ხელი მოაწერა 2,2 მილიონ დოლარიან კონტრაქტს, რომელიც უკრაინისთვის კამიკაძე დრონების (Switchblade 600) მიწოდებას ითვალისწინებს.
Switchblade 600-ს 40 კილომეტრის ფრენის დიაპაზონი აქვს და შეუძლია, ჰაერში დარჩეს 40 წუთამდე. ზუსტად როდის მიიღებს უკრაინა ამ დრონებს, უცნობია.
Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. ამერიკული მედია აპრილში წერდა, რომ ამ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობის გადაცემის გადაწყვეტილებას ამერიკის მაღალ ეშელონებში ბოლო მომენტამდე განიხილავდნენ.
უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.