ლევან იოსელიანი: გაუგებარ მომავალში ჩვენ ვერცერთ პარტიას ვერ გავყვებით

"ფეხების ბაკუნი არ არის გამოსავალი. არ ვიცით რა სცენარია ამ ფეხების ბაკუნის უკან. გაუგებარ მომავალში ჩვენ ვერცერთ პარტიას ვერ გავყვებით", - განაცხადა „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

იოსელიანის თქმით, ყველაზე ახლოს, პოლიტიკური მოსაზრებების კუთხით, არიან " გირჩთან", ხოლო ყველაზე მეტად "ევროპულ საქართველოსთან" არის დაშორებული მათი, როგორც პარტიის მოსაზრებები.

მისი თქმით, ოპოზიცია გაურკვეველი ვადით ვერ იქნება გაბუტული.

"დავაანონსეთ, რომ დავიწყებდით კონსულტაციებს ყველა პარტიასთან. დავიწყეთ "გირჩით", რადგან ყველაზე მეტად პოზიციების თანხვედრა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით.

ყველაზე მეტად "ევროპულ საქართველოსთან" არის დაშორებული ჩვენი, როგორც პარტიის მოსაზრებები. თუმცა, თუ მათ ექნებათ სურვილი, მათაც შევხვდებით.

დღეს შევხვდით იმიტომ, რომ ერთად მოვიფიქროთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ოპოზიცია, გაურკვეველი ვადით, ვერ იქნება გაბუტულის მდგომარეობაში. ეს მეხუთე რაუნდიც ჰაერში არის გამოკიდებული. მეხუთე რაუდამდე მისვლაც არის საჭირო, კონკრეტული ინიციატივით და წინადადებით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს რაღაც შესათავაზებელი ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც პრონციპულად მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები. ამაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით და ერთად გავაგრძელებთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს. დაგეგმილი გვაქვს შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს, "ლელოს" და ავუხსნათ ჩვენი ხედვა.

ეს ის პარტიებია, რომლებისგანაც ისმის, რომ მოლაპარაკება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა. ფეხების ბაკუნი არ არის გამოსავალი. არ ვიცით რა სცენარია ამ ფეხების ბაკუნის უკან. გაუგებარ მომავალში ჩვენ ვერცერთ პარტიას ვერ გავყვებით", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.