ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოს წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელდა სამხედრო პროვოკაცია.

მისი თქმით, მხოლოდ ლაჩინის რაიონის ტერიტორიაზე 1 400-ზე მეტი ახალი ნაღმი იქნა განთავსებული, რომელთა ამოქმედების შედეგად აზერბაიჯანის 240-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა.

„ჩვენს წინააღმდეგ ომი გრძელდება, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. შეგვიძლია ეს დავუშვათ? არასოდეს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სომხეთი, უარი თქვას ამ ბინძურ ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებს.

შედეგად, როდესაც 13 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერს კვლავ უკუაგდო. იმედი მაქვს, ეს მათ საბოლოოდ გაკვეთილად გამოდგება, რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს. ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიცავთ მას”, – განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.