ჩემთვის სხვა ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნა არ შემოუთავაზებიათ. გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო სამსახურიდან წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.
"გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი / ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ "კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო", ასეა ნათქვამი ხომ? არაფერი უჩვეულო არ არის, მსგავსი განმეორდა რამოდენიმე ქვეყანაში...
თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს... ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი", - ამბობს ამირან გამყრელიძე და დასძენს, რომ, დიდი ალბათობით, საჯარო სამსახურში აღარ დაბრუნდება.
კითხვაზე, მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფიქრობს თუ არა, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით "რუსეთის სურვილები შეიძლება იყოს გათვალისწინებული", გამყრელიძე ასე პასუხობს:
"ეს ღმერთმა არ ქნას. ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს საგანძური. მე ამაყი ვარ იმით, რომ 2001-2003 წლებში გარკვეული როლი მიმიძღვის ამ დიდი პროგრამის საქართველოში დაწყებაში, როდესაც მოიაზრებოდა ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა და განვითარება".
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით თქვა, რომ "საბედისწერო შეცდომა არ დაუშვიათ".
"ჩვენ ეს პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა".