ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლაც შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება, თუმცა ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, საქართველო 2024 წლამდეც ვერ მოასწრებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომზადებას.
ამ განცხადებით, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი Europetime-სთან საუბრისას, საპარლამენტო კომიტეტების განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდოამრეებმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილიეს და საქართველოს 2024 წლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, 2024 წელს, ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული და ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა აქვს განიხილოს ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა.
როგორც Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს, ათი წელი სრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეს თარიღი ავტომატურად, საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების წევრობის განაცხადის დამატებით უფლებამოსილებას არ იწვევს.
„ჩემი აზრით, ამ თარიღზე საუბარი აქედანვე იმიტომ დაიწყეს, რომ 2024 წელი მომდევნო საპარლამენტო არჩვენების წელი იქნება. ალბათ შიდა მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპიდან გამომდინარე, თორემ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების 10 წლის თავს, არანაირი ისეთი ბმა არა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილებასთან“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო 2024 წლამდე ვერ მოასწრებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომზადებას.
„2024 წელი რა თქმა უდნა მალე მოვა, მაგრამ ქვეყანა მზად არ იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თანხმობის მისაღებად. ეს არ არის მხოლოდ კონფლიქტური რეგიონების პრობლემა. კვიპროსი ისე მიიღეს, კონფლიქტი გადაწყვეტილი არ იყო. კონფლიქტების მიუხედავად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თეორიული შანსი არსებობს, პრეცედენტს თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ მხოლოდ კონფლიქტები არ არის პრობლემა. როცა ვამბობ, რომ წევრობისთვის მზად არ იქნება, უფრო მეტად ეკონომიკურ საკითხებს ვგულისხმობ, ეს ეხება სიღარიბის დაძლევას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს, საერთოდ მთლიანი საბაზრო ეკონიმიკის ფუნქციონირებას. მაგალითად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. მარტო ამ მხარეს რომ მივხედოთ, ძნელი იქნება 2024 წლამდე ისეთი მაჩვენებლის მიღწევა, ევროკავშირი ჩვენი წევრობით ისე დაინტერესდეს, საქართველოს გაწევრიანების განხილვა დაიწყოს.
რა თქმა უნდა, იყო პრეცედენტი - გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოუმზადებელი სახელმწიფოებიც მიუღიათ. მეხუთე ტალღის გაწევრიანების დროს, ევროკავშირმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა მიიღო, რაც მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვიტა. თორემ ეს ქვეყნები წევრობისთვის მზად არ იყვნენ. თავიდან არც ევროკავშირს არ სურდა მათი მიღება, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. მაგრამ 1991 წელს, როცა პუტჩის მსვლელობა მოხდა მოსკოვში, შეეშინდათ, რუსეთს თავისი გავლენა არ აღედგინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე.
ამიტომ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ამ ქვეყნების ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამ სახელმწიფოებს 10 წელი დასჭირდათ გასაწევრიანებლად და გადაწყვეტილების მიღებისას, ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად წევრობისთვის. არც პოლონეთი, არც ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მაგრამ მაშინ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მიიღეს, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.
რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას და პერსპექტივას, ევროკავშირისთვის საქართველო გეოპოლიტიკურად იმდენად სტრატეგიული მნიშვნელობის და საჭიროების ქვეყანა არ არის, როგორც აღმოსავლეთ ევროპა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას აღიარებს ევროკავშირი, მაგრამ არა იმდენად, რომ ასეთი გამონაკლისი დაუშვას“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებები საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებმა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“,-აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება.
2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილება მიენიჭება
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება