უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამატა, რომ ეს საჰაერო სისტემები საკმარისი არ არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს იმ პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მიღებულია. ჩვენ მივიღეთ NASAMS-ი. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
რატომ გვჭირდება ეს? ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა ჩვენი მოქალაქეები, უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. უსაფრთხო გარემოს პირობებში, ისინი იმუშავებენ აქ და გადაიხდიან გადასახადებს, შემდეგ კი, ჩვენს ბიუჯეტში 5 მილიარდი დოლარის დეფიციტი არ გვექნება.
დღევანდელი მდგომარეობით, შეერთებული შტატები ყოველთვიურად 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გვაწვდის ბიუჯეტის მხარდასაჭერად.
თუ უკრაინელები დაბრუნდებიან, იმუშავებენ და გადასახადებს გადაიხდიან, შეერთებულ შტატებს აღარ მოუწევს, გააგრძელოს ეს მხარდაჭერა. შეერთებული შტატებისთვის, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაზოგი, მაგრამ ჩვენთვის ეს იქნება შესაძლებლობა, ჩვენი ტერიტორია გახდეს უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.