რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე მიანიშნებს. თქვენა ამას ბირთვული შანტაჟი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ბლეფია? ამ შეკითხვით მიმართა CBS-ის ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ, ბირთვული შანტაჟის მაგალითები მოიყვანა.
„შესაძლოა, ეს გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება, იყოს რეალობა. მოდით, გავიაზროთ, რა არის ბირთვული იარაღის ან ბირთვული შანტაჟის გამოყენება? მან მიზნად დაისახა და დაიკავა ჩვენი ბირთვული ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი. ამ ბირთვულ სადგურს ექვსი ბლოკი აქვს. ეს უდიდესი ელექტროსადგურია.
რამდენიმე დღის წინ, მათ დაიწყეს სროლა სხვა ბირთვულ ელექტროსადგურში. მას უწოდებენ პივდენას ან სამხრეთ ბირთვულ ელექტროსადგურს. რაკეტა მოარტყეს იმ ტერიტორიას, რომელიც ბირთვული ქარხნიდან 300 მეტრით არის მოშორებული.
ეს არის მისი ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯები. არ მგონია, რომ ეს ბლეფია. ვფიქრობ, მსოფლიო ხელს უშლის მას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა მასზე და არ დავუშვათ, რომ გააგრძელოს ეს შანტაჟი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.