მაიკლ კარპენტერი: რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებას.

  • „ახლა თქვენი ქვეყანა უპრეცედენტო ვითარების წინაშეა - როდესაც არამხოლოდ თქვენი ქვეყნის ორი რეგიონია ოკუპირებული, არამედ, გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად, რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადთან უწევს გამკლავება“.

კარპენტერის თქმით, თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გადაჭრის ამ საკითხს, თავისი ეროვნული უსაფრთხობიდან გამომდინარე“.

„რა თქმა უნდა, რუსეთის აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობები.

ის ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ამ შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით.

ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით.

მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა.

თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.