რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობის მიზეზი განმარტა

რუსული მედია უშიშროების ფედერალურს სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორი „გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოძრაობს“.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობას ადასტურებს, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმას უარყოფს. 

„ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ იგეგმება საგუშაგოს მოწყობა. უხეშად რომ ვთქვათ, ეს რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის სასაზღვრო ფორმალობების გარეშე დატოვება. არანაირი გამშვები პუნქტი არ შეიქმნება... საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა“, - აცხედებენ ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში.

მანამდე თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის საგუშაგოსთან, გზაზე რუს სამხედროებთან ერთად ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა. ფოტოები, ბლოგერის ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე და ზემო ლარსის ჩატში გამოქვეყნდა.

დღეს უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები ქვეყნის დატოვებაზე უარს ეუბნებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსააც შესაძლოა, მობილიზაცია შეეხოთ. 

გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.