დემოკრატიული პროცესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საუკეთესოდ მათ ინტერესებს, -ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოში ჩემი მრავალი ვიზიტიდან ცხადია ჩემთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას. ეს მისწრაფება საჯარო ხდება სხვადასხვა ქართველი ლიდერისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან.
ეს ასევე არის ურყევი მისწრაფება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, ხელისუფლებაში მყოფი პარტია მიჰყვება თუ არა ამ მისწრაფებას მთელი ენერგიით, როგორც ეს მოსახლეობას სურს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც საქართველოს წინა ხელისუფლებებთან, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის პარტნიორობა, დემოკრატიებს შორის პარტნიორობა, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.
„რაც შეეხება NATO-ს კონტექსტში არსებულ საკითხს, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, გამოეყენებინა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რათა წინ წაეწია თავდაცვის მიმართულებით არსებული რეფორმები. ხელისუფლებაში არსებული ნებისმიერი ძალის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, ასრულებენ თუ არა მათ მიერ დასახულ მიზნებს პროგრესით.
რაც შემიძლია ვთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან არსებულ ძლიერ პარტნიორობას ამ ხელისუფლების პირობებში და შემდგომი ხელისუფლებების პირობებში, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის პარტნიორობა, დემოკრატიებს შორის პარტნიორობა, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.