რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისცა.
2013 წელს სნოუდენმა მედიას, მთელს მსოფლიოში აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების სათვალთვალო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პუბლიკაციებმა ფართო რეზონანსი გამოიწვია. აშშ-ში მას ბრალი ჯაშუშობისა და სახელმწიფო ქონების ქურდობისთვის დაუსწრებლად წაუყენეს. სნოუდენი აშშ-დან ჯერ ჰონგ-კონგში გაიქცა, შემდეგ კი რუსეთში.
„სნოუდენი არ ექვემდებარება გაწვევას რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციისთვის“, - განუცხადა ინტერფაქსს მისმა ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ.
„არსებობს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა იმ პირებთან დაკავშირებით, ვინც ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით გაწვევას ექვემდებარება. ვინაიდან ედუარდი არ მსახურობდა რუსეთის ჯარში, მას არ აქვს სამხედრო სამსახურში პრაქტიკა და გამოცდილება, არ ექვემდებარება გაწვევას“, - განაცხადა ადვოკატმა.