სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღესაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. 
 
„სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.
27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.