„საქართველო განიმტკიცებს პოზიციას, თუ რატომ უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში კით კროკმა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.
კიტ კროკის თქმით, პირველ რიგში, საქართველო განიმტკიცებს პოზიციას, თუ რატომ უნდა გახდეს NATO-ს წევრი. მისივე განცხადებით, ალიანსის დანიშნულებაა საფრთხეების აღმოფხვრა და ეს საფრთხეები, როგორც წესი, რუსეთს უკავშირდება.
„ვინაიდან საქართველო მიილტვის NATO-ს წევრობისკენ, გაუმჯობესებული უსაფრთხო ქსელი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დადებითი შტრიხი იქნება წევრობის განხილვისას“, - აღნიშნა კროკმა.
მეორე მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ საქართველო უკვე მონაწილეობს ევროკავშირის მწვანე პროგრამებში და Clean Network Lines-ის წევრობით კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირში გაერთიანებას.
კროკის განმარტებით, Clean Network Lines-ის წევრობა საქართველოს ასევე დააახლოებს „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებთან.
„შესაბამისად, ნატოს, ევროკავშირსა და სამ ზღვასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია Clean Network Lines-ის წევრობა“, - აღნიშნა კიტ კროკმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, მეოთხე მიზეზი - ეს არის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობა.
„მე ამას ვამტკიცებ, ვინაიდან მაქვს კომპანიების შექმნისა და მართვის 30-წლიანი გამოცდილება. ჩვენს ქსელში გაერთიანებულია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „სისკო“, „ეიჩპი“,„ვუჯიცუ“, და სხვა მრავალი. ეს კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ისინი უპირატესობას მიანიჭებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს უსაფრთხოების შესახებ. აშშ-ის კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. ამას ტალღისებური ეფექტი აქვს. კომპანიები ეძებენ ადგილებს, სადაც არ ყვავის კორუფცია და Clean Network Lines-ის წევრობა ის ფაქტორია, რომელიც თქვენ მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, წაახალისებს მათ, ინვესტიციები განახორციელონ თქვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ აშშ, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში, დაეხმარება საქართველოს Clean Network Lines-ის წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
„ამისთვის თანხები იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხარდაჭერის ფარგლებშიც. კორპორაცია ასევე რეკომენდაციას გაუწევს საქართველოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეტიც, კორპორაცია გეგმავს რეგიონალური ოფისი გახსნას საქართველოში. ჩვენ კიდევ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კერძო სექტორს“, - განაცხადა კიტ კროკმა.
მისი განცხადებით, აშშ მიესალმება ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, მათ შორის გზებისა და პორტების მიმართულებით, და Clean Network Lines-ის წევრობით საქართველო ასევე მიიღებს უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ფინანსებს და ა.შ. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაზრდის საკუთარ უსაფრთხოებას, ექნება რა უსაფრთხო ქსელი.
„მინდა, მოვუწოდო საქართველოს კვლავ გააგრძელოს ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - აღნიშნა კიტ კროკმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას აშშ-თან შესანიშნავი მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის.
„ვულოცავ საქართველოს Clean Network Lines-ის წევრობას და აღგიქვამთ დახმარებას, აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ვფიქრობ, Clean Network Lines-ის სხვა 60 ქვეყანასთან ერთად შევძლებთ მივაღწიოთ როგორც ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, ისე ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც განაპირობებს უსაფრთხო, სამართლიანი, საიმედო და გამჭვირვალე საბაზრო საქმიანობა. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! ღმერთმა დალოცოს დიდებული ქვეყანა საქართველო! ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, - განაცხადა კიტ კროკმა.
5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.