საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.