საგარეო საქმეთა სამინისტრო: კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს

2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა - კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

„2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა. ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია — დეოკუპაცია და მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.