რუსეთში არსებულ კერძო კლინიკებს სახელმწიფო ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას უკრძალავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Svoboda ავრცელებს.
ფედერალური უწყების „როსზდრავნადზორის“ ცნობთ, რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია ახალი კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის ისეთი ვაქცინების შეტანა და გამოყენება, რომელსაც სახელმწიფო რეგისტრაცია არ გაუვლია და ეს აკრძალვა ეხება რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებსაც.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის დუმის დეპუტატმა ტატიანა სოლომატინამ რადიო „ეხო მოსკვი“-ს განუცხადა, რომ მოსკოვში, ისრაელის კერძო კლინიკა Hadassah-ში შესაძლებელია ფულის გადახდა და Pfizer-ის ვაქცინით აცრა. დეპუტატის თანახმად, ეს არსებითად უცხოური კლინიკაა და სხვა კანონებით მუშაობს.
როგორც კლინიკამ განმარტა, საერთაშორისო სამედიცინო კლასტერის შემადგენლობაშია და რუსეთის კანონმდებლობით უფლება აქვს გამოიყენოს პრეპარატები და ტექნოლოგიები, რომლებიც რუსეთში რეგისტრირებული არ არის, მაგრამ დარეგისტრირებულია „ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებში.
Hadassah-ის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთში Pfizer-ის ვაქცინის რეგისტრაციის მიზნით, მაგრამ აცრების დაწყების ვადაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელმაც მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინას. ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების მიერ.
რუსეთის მოქალაქეებს ცრიან ადგილობრივი წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ“-ით, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკატი არ აქვს.