უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სამშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვიდა, განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან ის არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მთელი მსოფლიოსათვის.
უკრაინის ლიდერმა ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ რეფერენდუმს მიეძღვნა.
„ატომური იარაღის გამოყენების მუქარა გახდა რუსი ოფიციალური პირების და პროპაგანდისტების მუდმივი ნარატივი. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან მას არ შეუძლია, უზრუნველყოს მსოფლიოს უსაფრთხოება ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინააღმდეგაც კი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სამშაბათს, ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომა, რომელზეც განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი „რეფერენდუმის“ გამართვასთან დაკავშირებული ვითარება. შეხვედრა აშშ-სა და ალბანეთის ინიციატივით, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ოფიციალური მიმართვის შემდეგ გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართა.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.