„კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინელები ამ ტერიტორიებს ვერ შეეხებიან, რადგან ეს რუსულ ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება. დასავლეთი ასე არ ფიქრობს“, - ამის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი აცხადებს.
მისი თქმით, პირიქით, საკმაოდ ხაზგასმით კეთდება აქცენტი, რომ რუსეთის ტერიტორია ერთია, და მიტაცებული ტერიტორიები, ყირიმის ჩათვლით, მეორე.
- პუტინი ამ ნაბიჯითაც დიდ რისკზე მიდის, რადგან აქაც შეიძლება, სირცხვილი ჭამოს: ჩაატარებს რეფერენდუმს, ვთქვათ, ხერსონში და რამდენიმე დღეში ამ ტერიტორიას უკრაინელები დაიბრუნებენ და ყირიმზე იერიშისთვის გაემზადებიან.
ეს კიდევ უფრო დამამცირებელი იქნებოდა რუსეთისთვის, და არც ისე დიდია იმის შანსი, რომ რუსული ჯარი შეძლებს ამ სცენარის რეალობად ქცევას ხელი შეუშალოს“, - აცხადებს უილიამ კორტნი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
რუსეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ „რეფერენდუმები“ დასრულდა. „მოგესალმებით სახლში - რუსეთში“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მედვედევმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.
21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს.