აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, მალე ანექსირებულად გამოაცხადონ.
„უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, - განაცხადა ბლინკენმა.
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 27 სექტემბერს, ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
უფრო ადრე, Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. „უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.
კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმები“ და შემდგომი ანექსია ტერიტორიებს რუსეთს „დაუკანონებს“, რაც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.