- პუტინმა იმ ნიშნულს მიაღწია, სადაც მის მუქარას დასავლეთი სათვალავში აღარ აგდებს.
- ფაქტია, მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ არც დასავლეთია დიდად შეფიქრიანებული და არც უკრაინელები ჩანან შეშინებულები
რაც უფრო სუსტდება რუსეთი, მით უფრო ხშირად მიმართავს პუტინი ბირთვულ რიტორიკას. ალბათ გახსოვთ, 2018 წელს ფედერალური საბჭოს წინ სიტყვით გამოვიდა, რომელსაც თან ახლდა ვიდეო - თუ როგორ მიფრინავს ბირთვული ქობინით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა ნახევარი მსოფლიოს გადაღმა და ვარდება ფლორიდაში, მარ ა ლაგოსთან (პრეზიდენტ ტრამპის “ზამთრის თეთრი სახლი“) ახლოს, ამის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი აცხადებს.
ეს ღია სიგნალი იყო, პროპაგანდის სიგნალი, რადგან ნებისმიერი საღად მოაზროვნე სამხედრო გეტყვით, რომ მსგავსი „ბირთვული შობის“ ხილვა მსოფლიო კატასტროფას უდრის.
რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება, რუსეთი რეალურად წავიდეს ამაზე - მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ ბირთვულ დარტყმაზე მიდიხარ, აქედან სამხედრო სარგებლის მიღება უნდა შეგეძლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ჯარების გაგზავნა მოგიწევს იმ ტერიტორიის დასაკავებლად, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბირთვული ჭურვი ესროლე.
ძალიან მეეჭვება, რუს ჯარისკაცებს ამისთვის საჭირო წვრთნები გავლილი ჰქონდეთ და ვფიქრობ, ბევრი მათგანი შიშისაგან სულს გააცხებს, თუ ასეთი ბრძანება მიუვათ.
- მეორე მიზანი, რის გამოც რუსეთი შეიძლება ბირთვულ დარტყმაზე წავიდეს, არის ე.წ. შოკის ეფექტი და სხვების დაშინება - უკრაინელების, ევროპელების, ამერიკელების, რათა მათ წინააღმდეგობის გაწევის ხალისი დაეკარგოთ და რუსეთს „დანებდნენ“.
მაგრამ თუ რამე გვაჩვენა ამ ომმა, გვაჩვენა ის, რომ რუსეთის მუქარა აღარ ჭრის - პირიქით, თითოეულ ახალ მუქარას უკრაინა მეტი და მეტი შემართებით პასუხობს.
- ამას გარდა, ბირთვული არსენალის სიუხვეს ამერიკაც არ უჩივის და ვერავინ გამორიცხავს ხისტ პასუხს ოკეანის გაღმიდან, თუ რუსეთი გაბედავს და ბირთვულ დარტყმას NATO-ს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს განახორციელებს“, - აღნიშნავს კორტნი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
შეუძლია კი რუსეთს, დარწმუნებული იყოს, რომ თუ ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, აფეთქების შედეგად წამოქმნილი რადიოაქტიური მტვერი მისსავე ტერიტორიას და მოსახლეობას ასცდება? - ამ შეკითხვას უილიამ კორტნი პასუხობს:
„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რა ტიპის ბირთვული დარტყმა იქნება ეს, რა სიმაღლეზე და სად აფეთქდება ჭურვი, როგორ იქნება ატმოსფერული ცირკულაცია და სხვა მრავალი ფაქტორი. მაგალითად, თუ რუსები გამოიყენებდნენ ბირთვულ იარაღს ხარკოვის ოლქში, მეტი ტერიტორიის დასაკავებლად, მაშინ ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ აფეთქება არ იქნება ისეთ სიმაღლეზე. რომ რადიოაქტიური მტვერი დასავლეთ ტერიტორიებამდეც მიაღწევს და ეს, რა თქმა უნდა, ქარზეც იქნება დამოკიდებული. შედეგების პროგნოზირება ასეთ დროს ხშირად შეუძლებელია“.