იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს

ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და რუსეთს ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს, მაშინ როცა, მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის შეხვედრაზე.

„ატომური იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია, ის მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და ის არ უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ეს არ არის იმის ვარაუდი, რომ რუსეთი ამჟამად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

„ეს არის ის, რასაც NATO სერიოზულად უნდა მოეკიდოს. „და ამიტომ, ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.