ირანში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალლოვანი უწყების წარმომადგენლებმა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ქალთა უფლებების დამცველი ფაიზა რაფსანჯანი, რომელიც ირანის ექსპრეზიდენტის ქალიშვილია. როგორც ცნობილია, ძლიერი პროტესტის გამო, ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტი.
Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს.
სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერთკვირიანი არეულობის დროს, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა.
ცნობისთვის, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.