საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი დანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრისას განიხილებოდა ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენზე მომხდარი დივერსია.

„ჩვენ განვიხილეთ NATO-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.

უცხოელი ლიდერები იზიარებენ სტოლტენბერგის შეფასებას. შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Nord Stream-ის გაზსადენზე გაჟონვა, მიზანმიმართულ ქმედებებად განიხილება.

Swedish PM Andersson gives a news conference in Stockholm

„ჩვენ გვაქვს შვედური დაზვერვის ინფორმაცია, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიასთან კონტაქტების დროს და ამის საფუძველზე დავასკვენით, რომ ეს, ალბათ, მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ, საუბარია დივერსიაზე", - განაცხადა ანდერსონმა.

თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული Nord Stream 1 და 2 გაზსადენების დაზიანების გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში.

„უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ინციდენტები შემთხვევითი არ არის და ყველას გვეხება. ყველა არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს გაჟონვა არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი.

ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სრული სიცხადის შეტანაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა. ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ჩვენი გამძლეობის გაზრდის მიზნით. ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი მიზანმიმართული დარღვევა ყოვლად მიუღებელია და მას მტკიცე და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, - აცხადებს ბორელი.

ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანების შესახებ ცნობები მედიამ 27 სექტემბერს გაავრცელა.