დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძესა და ვიქტორ წილოსანს სადგურის მოედანზე, გვირაბის მოწესრიგებაზე მუშაობის დაწყება დაავალა, ისე რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს.
კახა კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?!
„70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა", - განაცხადა კალაძემ.