რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში, -ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცახდა.
მისი თქმით, ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს.
„თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არ აღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილია განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. ლუკაშენკო თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.