ხავიერ კოლომინა: არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობაზე, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის პირველი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მისი ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი", - აცხადებს კოლომინა „ამერიკის ხმის“ ცნობით.

ხავიერ კოლომინამ საქართველოში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

„ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი, იმ შესაძლებლობის გააზრებაა, რომელიც მჯერა, რომ თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირის გადაწყვეტილებისა და 12 რეკომენდაციის შემდეგ.

12 რეკომენდაცია ემთხვევა იმ 10 რეკომენდაციას, რომელიც NATO-მ მისცა თქვენს ხელისუფლებას, არსებითი პაკეტის ფარგლებში. გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზა, რომლისთვისაც რეკომენდაციები ძალიან მკაფიო ნიშნებია და ძალიან ვცდილობთ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ქვეყანა მზად იყოს, როდესაც მისთვის შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.