Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს.
ალიანსის წარმომადგენლის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტისას განიხილავს იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომლებიც NATO-მ საქართველოს მხარდასაჭერად სამიტზე, მადრიდში შეათანხმა.
„ამ კვირაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, იმყოფება საქართველოში, რომელიც ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია.
ვიზიტის განმავლობაში ბატონი კოლომინა აწარმოებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან, საქართველოს ოპოზიციურ სპექტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
- ხავიერ კოლომინამ ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი
- ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას.
ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.
NATO-მ მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერა დაამტკიცა.
მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ:
„ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის.
ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია ტექსტში.
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან